English / ქართული / русский /
ნინო ქვარაია
პანდემიის გავლენა გლობალური მომარაგების ჯაჭვებზე

ანოტაცია. კოვიდ ვირუსის გაჩენამ ჩინეთში, რომელიც გლობალური მასშტაბით წარმოების და დისტრიბუციის ერთ-ერთი მთავარ ჰაბად გვევლინება, დიდი გავლენა მოახდინა მზა და ნახევარფაბრიკატი პროდუქციის მიწოდებაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, რომლებიც ლოჯისტიკურად არიან დაკავშირებული ჩინეთთან.

შედეგად, მსოფლიოში მეწარმეები განიცდიან ზრდად პოლიტიკურ და კონკურენტულ ზეწოლას იმ მიმართულებით, რომ გაზარდონ თავიანთი შიდა წარმოება და დასაქმება საკუთარ ქვეყნებში, შეამცირონ ან თუნდაც სულ აღმოფხვრან დამოკიდებულება რისკის შემცველ წყაროებზე და გადახედონ მათ გამოყენებას ეფექტიანი წარმოების სტრატეგიებში.

საკვანძო სიტყვები: პანდემია, ლოჯისტიკა, შეზღუდვა, მომარაგება, წარმოება. 

შესავალი 

      გლობალური მომარაგების ჯაჭვები ყოველთვის დაუცველი იყო იმ რისკებისაგან, რომლებიც ასოცირებულია ისეთ არაპროგნოზირებად და გრძელვადიან მოვლენებთან, როგორიცაა: ბუნებრივი კატასტროფები, სავაჭრო ომები, პანდემიები, საშინაო პოლიტიკური არასტაბილურობა და ა.შ. კორონავირუსის პანდემიამ ჩაშალა გლობალური საქმიანობა ეკონომიკის ყველა სექტორსა და ინდუსტრიაში. დარღვევები ძირითადად განპირობებულია იმ შეზღუდვებით, რომლებიც ქვეყნებმა მიიღეს და განახორციელეს პანდემიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში: წარმოების შეჩერება, ხალხისა და საქონლის გადაადგილების შეზღუდვა, საზღვრების ჩაკეტვა, ლოჯისტიკური შეზღუდვები, აგრეთვე სავაჭრო და ბიზნესსაქმიანობის შენელება.

     კოვიდ-19 პანდემია, რომელიც ჩინეთის ქალაქ უჰანში დაიწყო, პირველად ოფიციალურად აღირიცხა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩინეთის ოფისში 2019 წლის 31 დეკემბერს. 2021 წლის 16 იანვრის მონაცემებით, 92.5 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 2.2 მილიონზე მეტი გარდაცვალებით დასრულდა. ვირუსის გაჩენამ ჩინეთში, რომელიც გლობალური მასშტაბით წარმოების და დისტრიბუციის ერთ-ერთ მთავარ ჰაბად გვევლინება, დიდი გავლენა მოახდინა მზა და ნახევარფაბრიკატი პროდუქციის მიწოდებაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის, რომლებიც ვაჭრობით არიან დაკავშირებული ჩინეთთან. უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 2,3 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტს ახორციელებს. ჩინეთი მთლიანი გლობალური ექსპორტის 16%-ს ფლობს, ხოლო ერთობლივად მსოფლიოს სამი უდიდესი ექსპორტიორი - ჩინეთი,  ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია - მთლიანი გლობალური ექსპორტის თითქმის 30%-ს აკონტროლებს. ჩინეთზე ასევე მოდის გლობალური შუალედური პროდუქტის თითქმის 20%. ეს გავლენას ახდენს უცხოელ მწარმოებლებზე, რომელთა ქვეყნის შემოსავლები პირდაპირ ან ირიბად დამოკიდებულია ჩინეთზე. მაგალითად, 2018–დან 2019 წლამდე ინდოეთის მთლიანი იმპორტირებული აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების 65%–ზე მეტი იყო ჩინეთიდან შემოსული. ამიტომ პანდემიის შედეგად ინდოეთის ფარმაცევტული პროდუქტების მომარაგება, წარმოება და დისტრიბუცია მნიშვნელოვან შეფერხებებს განიცდის.

       გლობალური მასშტაბით, ისეთი კრიტიკული საგნების მიწოდება, როგორიცაა: პირადი დამცავი საშუალებები, რიგი სამედიცინო პროდუქტები  და აღჭურვილობა, მრავალ ქვეყანაში შეიზღუდა, მიუხედავად მსოფლიოში მათზე მოთხოვნილების ზრდისა და ამ საქონლის ექსპორტის შემცირებისა.  შეზღუდვების განხორციელების გამო სატრანსპორტო სექტორი, რომელზეც დიდწილად არის დამოკიდებული გლობალური მიწოდების ჯაჭვების გამართულად ფუნქციონირება, ნაწილობრივ პარალიზებულია, რამაც უარყოფითად იმოქმედა გლობალურ ბიზნესსა და სამრეწველო საქმიანობაზე. პანდემიამ ასევე გავლენა მოახდინა ტრანსპორტირების ინდუსტრიაზე, რომელიც შეფასებულია 12 ტრილიონ დოლარად და გლობალური სავაჭრო საქმიანობის დაახლოებით 90%-ს შეადგენს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეფასებით, 2020 წლის ბოლოსთვის გლობალური ვაჭრობის მოცულობა საგრძნობლად შემცირდა. მიწოდების ჯაჭვების წყვეტებმა გავლენა იქონია სხვა სექტორებზეც, მათ შორის წარმოებაზე, საცალო ვაჭრობაზე, მშენებლობაზე და ა.შ.

       პანდემიამ ასევე გამოავლინა საკვები პროდუქტების მიწოდების მსოფლიო ჯაჭვების დაუცველობის პრობლემა. მსოფლიო სურსათის პროგრამის თანახმად, პანდემიამ შიმშილის რისკის ქვეშ 272 მილიონი ადამიანი დააყენა, როდესაც მანამდე ეს ციფრი 135 მილიონს შეადგენდა. უარყოფითი ფინანსური შედეგები დაფიქსირდა  სავაჭრო და მიწოდების ჯაჭვებისათვის. საზღვაო ტრანსპორტირების ეკონომიკისა და ლოჯისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, კონტეინერების გამტარუნარიანობის ინდექსი, რომელიც ზომავს იმ ადამიანებისა და საქონლის ნაკადების რაოდენობას, რომლებიც ყოველდღიურად გადიან გადაზიდვის პორტებში, მხოლოდ 2020 წლის იანვრიდან მაისამდე,  113,3–დან,  107,7–მდე ანუ 9,5%–ით შემცირდა. ამასთანავე, საერთაშორისო საჰაერო მოგზაურობის ასოციაციამაც დააფიქსირა, რომ სამრეწველო მასშტაბით გადაზიდული საჰაერო ტვირთის ტონა-კილომეტრი 2020 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში 15.3%-ით შემცირდა. 

ძირითადი ნაწილი 

       გაეროს შეფასებით, გლობალური მოთხოვნის მკვეთრი შემცირების და მიწოდების გლობალური ქსელის რღვევის ფონზე მსოფლიო ვაჭრობა 2020 წელს თითქმის 15%-ით შემცირდა.   მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2020 წელს კოვიდ-19-ის გამო მოხდა გლობალური მშპ-ს შემცირება 5,2%-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ გლობალური შემოსავლების  რაოდენობა, რომელიც წარმოებისა და მოხმარების დასაფინანსებლად იყო გათვალისწინებული, ასევე შემცირდება 5,2%-ით. გლობალური მყიდველობითი უნარის დაცემა ნიშნავს საქონელზე მოთხოვნის შემცირებას და მიწოდების ქსელების კომპანიების საქმიანობის შეკვეცას.

         პანდემიამ გამოიწვია სამუშაო ადგილების შემცირება. მოხდა შემოსავლებისა და ბიზნესსაქმიანობის შემცირება. ამის შედეგად, შიდა მეურნეობების მოთხოვნა პროდუქციაზე დაეცა, რაც გავლენას ახდენს მიწოდების ქსელის კომპანიების მუშაობაზე.

         მრავალი ქვეყანა აანალიზებს და განიხილავს მათი მიწოდების ჯაჭვების სტრატეგიებს, ხოლო ტრანსნაციონალური კომპანიები რესტრუქტურიზაციას უწევენ მათთვის აუთსორსინგის მეშვეობით შიდა ოპერაციებისათვის აუცილებელი საშუალებების მიწოდებას, რათა შეარბილონ შეზღუდვებით გამოწვეული გარე შეფერხებების  რისკები. განვითარებული ქვეყნების მთავრობებმა გაზარდეს ბიზნესის დახმარება, რათა ისინი უფრო ყურადღებით მოეკიდნენ პროცესებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მრეწველობის მდგრადობას გლობალური მიწოდების და ღირებულების მატების ჯაჭვების დარღვევების პირობებში.

        მაგალითად, საფრანგეთის მთავრობამ ევროკავშირის მთავრობებს სთხოვა გადახედონ აუცილებელი ნივთების მომარაგების ჯაჭვებს. იაპონიის მთავრობამ 2,2 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო აზიის სხვა ქვეყნებში მოქმედი იაპონური ფირმების იაპონიაში „გადასახლების“ სტიმულირებისთვის. შეერთებულ შტატების კონგრესში შეიტანეს კანონპროექტი, რომლის შედეგებითაც ისარგებლებენ ის კომპანიები, რომლებიც გადაწყვეტენ თავიანთი საწარმოო ბაზის ჩინეთიდან გადმოტანას. ასევე, ინდოეთი იკვლევს მწარმოებლების ჩინეთიდან მოზიდვის გზებს კორპორატიული გადასახადების შემცირებით, სხვა წახალისებებთან ერთად.

        მეორეს მხრივ, კოვიდ-19–ის გლობალურმა გავლენამ ასევე გამოიწვია დამცავი პოლიტიკის დროებითი დაწესება გარკვეულ საქონელსა და მომსახურებაზე, შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად გლობალური მოთხოვნის სანაცვლოდ. მაგალითად, ექსპორტიორ ქვეყნებში ისეთი აუცილებელი საგნების, როგორიცაა: წამლები, დამცავი საშუალებები და ვენტილატორები, შესაძლო უკმარისობის გამო, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ დაუშვა ექსპორტის დროებითი  შეზღუდვები.

        ბოლო პერიოდში ასევე შეინიშნებოდა შეზღუდვები ზოგიერთი საკვები პროდუქტებისა და სამრეწველო მასალების გლობალური მომარაგების მხრივ, რადგან ქვეყნები ცდილობენ ამ საქონლის კონსერვაციას საკუთარი მოხმარებისთვის. ამ საექსპორტო შეზღუდვებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს განვითარებად ბაზრებსა და განვითარებად ქვეყნებზე, რადგან იმპორტიორ ქვეყნებს შეიძლება არ ჰქონდეთ ამ საგნების საკმარისი წარმოების შესაძლებლობა. აღნიშნულის საპასუხოდ, ქვეყნები მიმართავენ წარმოების უფრო მაღალ ვერტიკალურ ინტეგრაციას და რეგიონულ ან საშინაო დივერსიფიკაციას, პანდემიის ფართომასშტაბიანი დარტყმების გასანეიტრალებლად.

         ყოველდღიურად იზრდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს კოვიდ-19 პანდემია მომარაგების ჯაჭვებზე და არღვევს წარმოების ოპერაციებს მსოფლიოში. ყველაზე დაუცველია კომპანიები, რომლებიც დამოკიდებული არიან  ჩინეთის ქარხნებიდან სათადარიგო ნაწილებისა და  მასალების მოწოდებაზე. ამგვარმა ზეწოლამ მომარაგების ჯაჭვების ხარჯების შესამცირებლად, კომპანიებს გაუჩინეს მოტივაცია ისეთი სტრატეგიების განხორციელებისაკენ, როგორიცაა: ყაირათიანი წარმოება, ოფშორული მომსახურება და აუთსორსინგი. მაგრამ ხარჯების შემცირების ასეთი ზომები ნიშნავს, რომ მომარაგების ჯაჭვების დარღვევის შემთხვევაში, წარმოება სწრაფად შეჩერდება ნაწილების უკმარისობის გამო. გლობალური კომპანიების უმრავლესობას არ გააჩნია სრული ინფორმაცია იმ კომპანიების ადგილმდებარეობის შესახებ, რომლებიც მათი   პირდაპირი  მიმწოდებელია. ეს დიდი რისკის ქვეშ აყენებს მათი მიწოდების ქსელს,  აზიაში მიმდინარე მოვლენების გამო.

         პანდემიის შემცირებისთანავე, სამყარო საოცრად სხვაგვარად გამოიყურება. მიწოდების შოკს, რომელიც ჩინეთში დაიწყო თებერვალში და მოთხოვნის შოკს, მოჰყვა ის, რომ გლობალურმა ეკონომიკამ ყველგან შეაჩერა დაუცველი მხარეების მქონე საწარმოო სტრატეგიების და ფირმების მიწოდების ჯაჭვების გამოყენება. დროებითი სავაჭრო შეზღუდვები და წამლის, კრიტიკული სამედიცინო მასალების და სხვა პროდუქტების დეფიციტი, ხაზს უსვამდა მათ სისუსტეებს. ამ მოვლენებმა, აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომთან ერთად, განაპირობა ეკონომიკური ნაციონალიზმის ზრდა. ამ ყველაფრის შედეგად, მსოფლიოში მწარმოებლები ზრდად პოლიტიკურ და კონკურენტულ ზეწოლას განიცდიან იმ მიმართულებით, რომ გაზარდონ თავიანთი შიდა წარმოება და დასაქმება საკუთარ ქვეყნებში, შეამცირონ ან თუნდაც სულ აღმოფხვრან დამოკიდებულება რისკის შემცველ წყაროებზე და გადახედონ მათ გამოყენებას ეფექტიანი წარმოების სტრატეგიებში.

        ზოგიერთ მეწარმეს უკვე მოუწია ჩინეთის გარეთ მდებარე საკუთარ ქარხნებში წარმოების შეზღუდვა და მათი სია დღითიდღე მატულობს. მაგალითად, Fiat Chrysler Automobiles NV–მა 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ იგი დროებით აჩერებს სერბეთის საავტომობილო ქარხანაში წარმოებას, რადგან მას არ შეუძლია მიიღოს ნაწილები ჩინეთიდან. ანალოგიურად, ჰიუნდაიმ გადაწყვიტა შეაჩეროს საწარმოო ხაზები სამხრეთ კორეაში არსებულ მის ქარხნებში, ჩინეთში კორონავირუსის აფეთქების შედეგად ნაწილებით მომარაგების შეფერხების გამო.

      პრობლემებია  ასევე მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიაშიც. 2020 წლის 17 თებერვალს, Apple-მა განაცხადა, რომ მისი კვარტალური შემოსავალი მოსალოდნელზე უფრო დაბალი იქნებოდა, რადგანაც შეიზღუდა აიფონების გლობალური მიწოდება და ჩინეთის ბაზარზე დაეცა მასზე  მოთხოვნილება. ეპიდემიამ, როგორც აღნიშნული იყო უარღოფითი გავლენა მოახდინა გადაზიდვებზე. როტერდამის ნავსადგურის აღმასრულებელი  დირექტორის  ალარდ კასტელენის ინფორმაციით ჩინეთის პორტებიდან ტვირთზიდვა  20%-ით შემცირდა. საფრანგეთის პორტ ლე ჰავრში ორ თვეში ასეთმა კლებამ შეიძლება 30%-ს მიაღწიოს.

            კორონავირუსის გავლენა გლობალური მასშტაბის ოპერაციებში ისე მრავალმხრივია, რომ რთული ხდება მათი მოდელირება და შეფასება. დაზარალებული რეგიონები მრავალი მომარაგების ქსელის ცენტრშია. პრობლემები იმატებს მარაგის გამოფიტვის (ან უმოქმედობის) გამო და კომპანიები შიშობენ, რომ ისინი დროულად ვერ შეასრულებენ სახელშეკრულებო ვალდებულებებს თავიანთ კლიენტებთან.

       უახლოეს პერიოდში, ჩინეთიდან მომარაგების ღირებულება შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, რაც  ზეგანაკვეთური და გადატვირთვის სატრანსპორტო დანახარჯებითაა გამოწვეული. ამიტომ, კომპანიებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მომარაგების ალტერნატიული სცენარების იდენტიფიცირებას და შეფასებას. 

დასკვნა 

      1. კომპანიებმა უნდა განათავსონ მომარაგების ჯაჭვების ხილვადობის ინსტრუმენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ შეზღუდვების ხილვადობას პირველ, მეორე და მესამე დონის მომწოდებლებში. ეს საშუალებას მისცემს გლობალურ მწარმოებლებს მიიღონ უფრო სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საიდან და რა პირობებში მოდის კომპონენტები მათი საამწყობო ერთეულებისთვის (sub-assemblies). აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო დაძაბულობამ, უკვე აამაღლა ფასებისადმი (landed cost) ყურადღება, განსაკუთრებით იმ კომპანიებში, რომელთა მომარაგების ჯაჭვები სრულად ან ნაწილობრივ არის აუთსორსირებული. შესაბამისი ახალი სავაჭრო პროგრამები, ხელს შეუწყობენ გამძლეობის სტრატეგიის შესაბამისობას იმპორტ/ექსპორტის საკითხებთან;

     2. ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სავარაუდოა რომ მიწოდების ჯაჭვების კონკურენტული ლიდერი, ოპერაციების უფრო სრულყოფილ პროაქტიულ მოდელირებაზე გადავა. კომპანიებმა უფრო ღრმად და სისტემურად უნდა გაანალიზონ თავიანთი მიწოდების ჯაჭვები. კოვიდ-19–ის აფეთქებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გრძელვადიანი მომარაგების ჯაჭვების რეფიგურაცია მეტი მდგრადობის შესაქმნელად, რაც უკვე მიმდინარეობს, რადგან ზოგიერთი ამერიკული კომპანია აზიის ოპერაციული მოდელების დივერსიფიკაციას ახდენს, სავაჭრო პოლიტიკის შეცვლის მოწოდების საპასუხოდ;

     3. ყაირათიანი საწარმოების და დაბალი ღირებულების გლობალური მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც დომინირებდნენ ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, აღარ დარჩება იგივე. იაფი შრომის ქვეყნებში ოფშორული წარმოება, რომელიც ერთ დროს მომგებიანი იყო ფასის, ეფექტურობის და სისწრაფის გამო, დაუცველი აღმოჩნდა მიწოდებისა და მოთხოვნის იმ უკიდურესი შოკისაგან, რომელსაც პანდემიის მსგავსი მოვლენები იწვევს;

     4. ადგილობრივი მომწოდებლების არსებობის მთავარი სარგებელი არის ის, რომ ისინი შეიძლება იყვნენ უფრო საიმედო, რეაგირებადი და თვალსაჩინო. ადგილობრივ მომწოდებლებთან არა მხოლოდ ინდივიდუალური ურთიერთობების განვითარება და რეგულარულად მისვლა ხდება შესაძლებელი, არამედ თანამშრომლობისთვის ხელმისაწვდომია მარტივი ინსტრუმენტების გამოყენება, რაც ამცირებს მთლიან რისკს. კომპანიებს შეუძლიათ მომარაგების უფრო მოკლე ჯაჭვების სიმულაცია და განსაზღვრა იმისა, თუ სად შეიძლება შემცირდეს მიწოდებული გაფართოებული გლობალური ჯაჭვების რისკიანობა ლოკალიზაციის გაზრდის გზით.;

      5. კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც ადგილობრივ მომწოდებლებზე გადასვლის სასარგებლოდ შეიძლება მუშაობდეს, არის ის, რომ შრომის ფასის მიხედვით უპირატესობა, რომელსაც კომპანიები ადრე ისეთი ქვეყნებში პოულობდნენ, როგორიცაა ჩინეთი, გაუარესდა. ორგანიზაციების უმრავლესობა ცდილობს გაზარდოს საკუთარი მიმწოდებლების რაოდენობა, პოტენციურად შეამციროს მათზე ზედმეტი დამოკიდებულება, აღმოაჩინონ მიმწოდებლები თავიანთ საქმიანობასთან ახლოს. ეს არის მცდელობა პანდემიასთან და გლობალურ ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკის შემცირებისა და მიწოდების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად. 

გამოყენებული ლიტერატურა: 

  1. Olson, D. (2014). Supply Chain Risk Management: Tools for Analysis (2nd ed.). Harvard Business Publishing
  2. How Coronavirus Could Impact the Global Supply Chain by Mid-March. (28.02.2020). Harvard Business Review.  https://hbr.org/2020/02/how-coronavirus-could-impact-the-global-supply-chain-by-mid-march
  3. PricewaterhouseCoopers. (2020). COVID-19: Operations and supply chain disruption. PwC. https://www.pwc.com/us/en/library/covid-19/supply-chain.html
  4. Who coronavirus disease (covid-19) dashboard.  https://covid-19.who.int/ (02/02/2021)